(ქალების) ხმები ლიტერატურაში

მარტი ქალების თვეა, ზოგადადაც და ლიტერატურაშიც — ასე დამკვიდრდა.
ეს პოლიტიკური აქტია: შეხსენება, რომ საუკუნეების განმავლობაში ჩაჩუმებული ხმები ახლა კი მეტად ისმის, მაგრამ იმის სადარაჯოზე დგომა გვმართებს, რაც ჩვენმა დედებმა და ბებიებმა მოიპოვეს. თუმცა, ეს აქტი დისკრიმინაციის გამამყარებელიც შეიძლება იყოს: ქალების ასე გამოყოფა ხომ იმასაც მიანიშნებს, თითქოს, უბრალოდ „მწერალი“ აპრიორი კაცია.
ამიტომაც, ზოგისთვის ლიტერატურის წინ სიტყვის, „ქალთა“, დართვა გამაძლიერებელია, ზოგისთვის დამაკნინებელი. ზოგი ამაყობს, რომ ქალ მწერლად მოიხსენიებენ, ზოგს აღიზიანებს. და ყველა ეს დამოკიდებულება სწორია, ერთდროულადაც და ცალ-ცალკეც. ისევე, როგორც 8 მარტი ნიშნავს ერთისთვის: „დღეს ყვავილებს მაჩუქებენ“, მეორისთვის: „ყვავილებს თვითონ ვიყიდი“, მესამისთვის: „ყვავილებისთვის მცხელა?!“, მეოთხისთვის: „ყვავილები არც გამხსენებია“, მეხუთისთვის რაღაც სხვას და მეექვსისთვის, შეიძლება, არც არაფერს.
მარტივი არაა, დააფასო გამოცდილებათა ამგვარი მრავალფეროვნება იმის დაუკარგავად, რაც გვაერთიანებს. ქალთა მიმართ ჩაგვრის ფორმებიც მხოლოდ გენდერული იდენტობით ვერ განისაზღვრება, რადგან არცერთი ქალის იდენტობა არ შემოიფარგლება მხოლოდ მისი სქესით თუ გენდერით. სოციალური, ეკონომიკური, ასაკობრივი, რასობრივი და სხვა მრავალი ელემენტი ქმნის თითოეული ჩვენგანის იდენტობას. და ეს თითოეული ელემენტი მტრულ გარემოში ჩვენი ჩაგვრის, გარიყვის, გაჩუმების მიზეზად შეიძლება იქცეს.
და თუ თეორიულ ნაშრომებში რთულია ამ ბეწვის ხიდზე სიარული: ერთდროულად საერთო ფემინისტური მიზნის შენარჩუნება და თან უნიკალურ გამოცდილებათა დანახვაც, მხატვრული ლიტერატურა ზოგჯერ უკეთ არის ხოლმე შეიარაღებული ამ დავალებისთვის თავის გასართმევად. ქალების ავტორობით დაწერილ მხატვრულ ტექსტებში კონკრეტულ გმირზე — ევასა თუ ორლანდოზე, ელისაბედსა თუ ესპერანსაზე, ეთეროსა თუ ედნაზე — მიყურადებით ძალიან ინტიმურიც შეიძლება გაითქვას და ძალიან საყოველთაოც. ქალების ლიტერატურა ის კერაა, რომლის გარშემო გასათბობად და დასანაყრებლად შემომსხდარნი სხეულებრივად ვგრძნობთ, რომ ჩვენი განსხვავებებით ვგავართ ერთმანეთს.
1. გარიყულობა — სანდრა სისნეროსი და ანა კორძაია-სამადაშვილი
გარიყულობა, უცხოობა, განსხვავებულობა — ეს ის სიტყვებია, რომლითაც ინგლისურენოვანი ტერმინი, Otherness, შეგვიძლია გადმოვაქართულოთ. ეს ფილოსოფიური და სოციალური ცნებაა, რომელიც დომინანტური ჯგუფიდან ადამიანების ამა თუ იმ მიზეზით და ნიშნით გამოცალკევების ფენომენს აღწერს, რის შედეგადაც ეს დაღი ამ ადამიანთა იდენტობის ნაწილად იქცევა.
სანდრა სისნეროსის რომანში, „სახლი მანგოს ქუჩაზე“, ესპერანსა შეერთებულ შტატებში მექსიკიდან ემიგრირებული ოჯახის შვილია. საზოგადოებიდან მისი გაუცხოების მთავარი მიზეზი მისი წარმომავლობაა. თუმცა, ესპერანსას გაუცხოება უნიკალურ ფორმას გენდერული იდენტობით იძენს. ესპერანსა ჩიკანა არის, და არა — ჩიკანო, და სტერეოტიპები, მოლოდინები, საფრთხეებიც კი სწორედ მისი გოგოობით განისაზღვრება. მან საკუთარი ადგილი და თავი რომ იპოვოს, მშობლიური სახლი უნდა დატოვოს. მაგრამ ეს ამბოხი, პირადი ტრიუმფი მხოლოდ მაშინ შეეძლება შეირგოს, თუ უკან დაბრუნდება იქ დარჩენილების გასათავისუფლებლად.
ანა კორძაია-სამადაშვილის რომანის, „ვინ მოკლა ჩაიკა?“, გმირი, ელისაბედი, იგივე ჩაიკა, „ბედნიერი ქალია“. შეიძლება, ზედმეტადაც ბედნიერი… ერთი შეხედვით, საზოგადოებიდან მისი გარიყულობა პირადი არჩევანია, ის თავად განუდგება ნორმებს, რომლებსაც მისი ქალაქი, თბილისი ადგენს. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვითაა ასე. ჩაიკა, უბრალოდ, თავის თავს ერთგულობს და თავშესაფარს იმ მეგობრების წრეში პოულობს, რომლებიც მასავით არ მიიღო საზოგადოებამ; რადგან თუ ქალაქში გაბატონებული კონსერვატიული ხედვა კაცის ჰომოსექსუალობას ხედავს ნორმიდან გადახვევად, ქალისთვის, ზოგადად, სექსუალობა და სიცოცხლის ხალისიც კი შეიძლება შეირაცხოს აბერაციად, თუკი არ მოითოკება.
ანა კორძაია-სამადაშვილი ჩაიკას საზოგადოებაში კუთვნილ ადგილს ვერ უძებნის, ის ამ სამყაროსთვის ზედმეტად კარგი, ზედმეტად თავისუფალია და სამყარო მას ამას ვერ პატიობს. ამიტომ ის მიდის, მიფრინავს. ესპერანსაც მიდის თავისი სამყაროდან, თუმცა ის თავისიანებს — გარიყულებს, უცხოებს, განსხვავებულებს — დაბრუნების პირობას აძლევს.
2. დედობა — კლერ კიგანი და თამთა მელაშვილი
ცოტა რამ თუა ქალობის არსთან ისე გაიგივებული, როგორც დედობა — ეს თვისება მოგეწერება მაშინაც, როცა შვილი გყავს და მაშინაც, როცა არ გყავს. ესაა მოლოდინი, რომელიც ქალის მიმართ უთქმელად, ნაგულისხმევად არსებობს. დედობა ის აქტია, რომლის შესრულების ვალიც ქალს უნივერსალურად მოგეწერება. ასეთ დროს დედობის მოლოდინისგან გათავისუფლება ან დედობის მოლოდინის ვერგამართლება საზოგადოების თვალში ხშირად პირიქით, უფრო წინ წამოწევს შენთვის, როგორც ქალისთვის, მიკუთვნებულ ბიოლოგიურ და სოციალურ როლს.
მსგავსი უნივერსალურობის მიუხედავად, თითოეული ქალის გამოცდილება დედობისადმი უამრავშრიანია და ურთიერთდაკავშირებული პრივილეგიების, გამოწვევების, რესურსებზე წვდომის ქსელს წარმოქმნის, რომელსაც დამატებით ძერწავს შენი სექსუალობა, ჯანმრთელობა, ოჯახური, სოციალური, ეკონომიკური სტატუსი და შენი იდენტობის სხვა ყველა ასპექტი. ამგვარად, უფრო ზუსტი იქნებოდა, თუ ვიტყოდით, რომ დედობა უნივერსალურად ინტერსექციურია.
კლერ კიგანის ნოველაში, „შვილობილი“, სწორედ ამ უნივერსალური ფენომენის ორ ცალკეულ მაგალითს ვაკვირდებით და ვხედავთ, როგორ განსაზღვრავს დედობას
ქალის მატერიალური და მენტალური მდგომარეობა თუ შესაძლებლობები. კიგანის მიერ დახატულ დედათაგან თითოეულს აკლია სწორედ ის, რაც მეორეს აქვს, ამძიმებს ის, რაც მეორეს ამსუბუქებს. გლოვა და სიდუხჭირე ის განმსაზღვრელი გამოცდილებებია, რომლებიც დედობის ინსტინქტს თავისებურად ამრუდებს და ახალ, უნიკალურ ფორმად ძერწავს.
თამთა მელაშვილის ეთერო, რომანში, „შაშვი შაშვი მაყვალი“, დედობის როლზე უარის თქმით უჯანყდება
მის სხეულზე და მის ცხოვრებაზე მიწერილ მოლოდინებს. მსგავსი აჯანყება თავისთავად ღირებულია. თუმცა, მელაშვილი დედობისადმი პატრიარქალურ მოლოდინებთან სხვაგვარი დაპირისპირებით არის დაინტერესებული. ის ეთეროს სხეულზე ავტონომიას საკუთარი სექსუალობის მიღებით აძლევს და ამგვარად დედობას ქალების სხეულების კონტროლის მექანიზმიდან, სწორედაც რომ, თავისუფლების სიმბოლოდ გარდასახავს.
3. ისტორიულობა — ვირჯინია ვულფი და ზაირა არსენიშვილი
ვირჯინია ვულფის „ორლანდო“ ნორმების მსხვრევის ამბავია, რომელიც თერაპიასავით მუშაობს. ის ფორმითაც იმას აკეთებს, რასაც შინაარსით გვეუბნება: არ ცნობს საზღვრებს — ჟანრულსა თუ სტილისტურს, ასაკობრივსა თუ გენდერულს. აქ იმსხვრევა ყველაფერი, რაც კი შეიძლება დაიმსხვრეს, მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც ახლებურ მშვენიერებად შეწებდეს. ვულფი კინცუგის ხელოვნების დიდოსტატია.
ამ წიგნში კაციდან ქალად გარდასახვა ისეთივე ბუნებრივი რამაა, როგორც სამოსის ცვლა. თუმცა, მაგიურ რეალობაში მსგავსი შეზღუდვების დამარცხებით, ვულფი ემპირიულ რეალობაში მათ ძალას გვაჩვენებს. ისტორიული დრო, რომელშიც ორლანდო მოგზაურობს, მის ფლუიდურ სხეულსა და პოეტურ გონზე თავის კვალს ტოვებს, ხან ათავისუფლებს, ხანაც ბოჭავს, ხან აძლიერებს, ხანაც ასუსტებს. მართლაც, თუ რაიმეზე არის მიბმული მისი იდენტობა, ეს, უპირველესად, ის ისტორიული კონტექსტია, რომლის მოთხოვნებსაც კაცად და ქალად, ხელოვანთა მფარველად და პოეტად, მიწასთან მიჯაჭვულად და მოგზაურად გარდასახული ორლანდო უნდა დაემორჩილოს და მისეული ტრავმები გაიზიაროს.
ზაირა არსენიშვილიც ისტორიული ტრავმების მემატიანეა — თუმცა, სულ სხვა ისტორიისა და სულ სხვა ტრავმების. საბჭოთა რეპრესიული ოკუპაციის პერიოდი არსენიშვილთან ის პეიზაჟია, რომელიც ფონად ყოფნას არ ჯერდება, ის პერსონაჟთა ცხოვრებასა და ხასიათსაც განსაზღვრავს, განსაკუთრებით კი ქალებისას. და თუ ვულფთან ისტორიულ ქარტეხილებთან გამკლავების იარაღი იდენტობის მოუხელთებლობაა, არსენიშვილი დობას, ქალთა შორის მეგობრობას გვიხატავს თავშესაფრად, იქნება ეს ევასა და მაკას მეგობრობა რომანში, „ვა, სოფელო…“, თუ თამარისა და მაროს მეგობრობა მოთხრობაში, „როცა მძვინვარეს შიში და ძრწოლა“.
პოლიტიკურ გარემოში, რომელიც ინდივიდუალიზმს, უნიკალურობას, გამორჩეულობას ვერ ჰგუობდა, არსენიშვილის ქალი პერსონაჟების მეგობრობის არაორდინარული ფორმები საბჭოური ერთგვაროვნების წინააღმდეგ გალაშქრება იყო. თავად ევაც, რომელსაც ბედმა ლამის წყევლად არგუნა ფიზიკური მშვენიერება, მეამბოხეა. ის სხეულებრივად თუ არა, ქცევით მაინც უპირისპირდება დადგენილ ნორმებს, როცა ტყეში პოულობს თავისუფლებას, რეჟიმსა და ისტორიულ განპირობებულობას რომ წაურთმევია ადამიანებისთვის.
ორლანდოცა და ევაც, როგორც აქ ნახსენები სხვა ქალი პერსონაჟები, თავთავიანთი გეოგრაფიული არეალით შემოსაზღვრულ ისტორიულ ბილიკებზე მიაბიჯებენ, თავთავიანთი საზოგადოებრივი მოლოდინებით იძერწებიან და წინააღმდეგობის ფორმებსაც თავისებურს ჭედავენ იმ კერის ცეცხლში, ჩვენ ყველანი გარშემო რომ ვუსხედვართ.