როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა?

30 აპრილი, 2025

ყველა მშობელს სურს, რომ მის შვილს კითხვა უყვარდეს. წიგნის წაკითხვის სურვილამდე მისასვლელი გზა კი თანდათან უფრო რთულდება. ცხოვრების აჩქარებული ტემპი, სოციალური ქსელები, ვიდეოთამაშები, სუსტი ნებისყოფა, საბავშვო წიგნების არქონა, გაწაფული კითხვის პრობლემები — ხელისშემშლელი მიზეზი მრავალგვარია, თუმცა, პრობლემის მოგვარება ყოველთვის შესაძლებელია. შევეცდები, ამ სტატიაში გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, რომელიც ბავშვებისთვის კითხვის შეყვარების გამუდმებული მცდელობისას დამიგროვდა.

მკითხველი მშობელი

კითხვის შეყვარება ადრეული ასაკიდან იწყება. საბავშვო ლექსები, სიმღერები, ენის გასატეხები, ანდაზები, გათვლები — ამ ყოველივეს გახსენება და ხშირად თავიდან სწავლა მშობლებისთვის ისეთივე აუცილებელი მგონია, როგორც ბავშვის ჯანსაღ კვებასა და უსაფრთხო გარემოზე ზრუნვა. საბავშვო ლიტერატურასთან პირველმა შვილმა მიმაბრუნა. ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან გარკვეული პერიოდი წიგნებს აღარ ვკითხულობდი და ხანგრძლივმა წყვეტამ ნებისყოფაც მომიდუნა. მახსოვს, ჩემი პირველი შვილი წლისა და ორი თვის იყო, ასტრიდ ლინდგრენის „ემილის თავგადასავლის“ კითხვა რომ დავიწყე და იმდენად გადაჩვეული ვიყავი კითხვას, რამდენიმე გვერდის წაკითხვის შემდეგ ძილი მერეოდა. ჩემს პატარა შვილთან ერთად გავეცანი თანამედროვე საბავშვო ლიტერატურას. მას შემდეგ 15 წელი გავიდა და ახლაც გრძელდება ეს საინტერესო პროცესი, ოღონდ ახლა კითხვისას აღარ მეძინება და ყოველდღიურმა კითხვამ ნებისყოფაც გამომიწვრთნა.

ადრეული ასაკი

შიო მღვიმელის ლექსების ძველი წიგნი ჩემი შვილების ჩვილობის ხანაში სულ თან დამქონდა. ლექსებს ხმამაღლა ვკითხულობდი და ხშირად ზეპირად ვსწავლობდი. ადვილი შესამჩნევი იყო 3-4 თვის ჩვილის გამოცოცხლება, როდესაც მას ლექსებს ხმამაღლა ვუკითხავდი. ადრეულ ასაკში წიგნთან გაბმული ამგვარი ურთიერთობისას ვქმნით უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც ძალიან ძვირფასია მშობლისთვისაც და, ამასთანავე, წიგნთან დამეგობრების საუკეთესო გზაა.

შიო მღვიმელის ლექსებში ამოკითხული სტრიქონები მეხმარებოდა მოსაფერებელი სიტყვების მოფიქრებაში და ჩვილის მოვლისას ხალისით მავსებდა. სწორედ ამგვარად, ხმამაღლა გაჟღერებული ლექსებითა და სიმღერებით, ადრეული ასაკიდანვე იწყება კითხვის შეყვარების ხანგრძლივი პროცესი.

შემდეგი ეტაპი მყარყდიანი საბავშვო წიგნების შეთავაზებაა. წიგნებს ვათვალიერებთ ბავშვებთან ერთად, ხმამაღლა ვაჟღერებთ წინადადებებს, ილუსტრაციებზე ვამახვილებთ ყურადღებას და წიგნთან ურთიერთობას ყოველდღიურ რუტინად ვაქცევთ.

ლექსიკური მარაგი

თუკი გვსურს, რომ ბავშვისთვის კითხვის სწავლა მარტივი აღმოჩნდეს, ამაზე ზრუნვა ჩვილობიდან უნდა დავიწყოთ: ხშირად ვესაუბროთ, გავასიტყვოთ გარემო, რუტინა, დავუსვათ კითხვები. პირველ წლებში ბავშვთან ხშირი საუბარი, პირველ რიგში, ურთიერთობისა და ნდობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, ამასთანავე, უგროვდებათ სიტყვათა მარაგი, რაც მეტყველებისა და კითხვის სწავლას აადვილებს.

ხმამაღალი კითხვა

ხმამაღალი კითხვა შეუფასებელი საგანძურია, რომელიც შეგვიძლია ბავშვს ვაჩუქოთ. ხმამაღალი კითხვა წვრთნის ბავშვის ნებისყოფას, რაც კითხვისას უმთავრესი უნარია, სწავლობს მოსმენას, ამშვიდებს და ახალისებს  მას.

ხმამაღალი კითხვა აღმოჩნდა ჩემი უმთავრესი სამარჯვი, რომელიც ჩემი 12 წლის ბიჭის კითხვასთან მისაბრუნებლად გამოვიყენე. ახლა ჩვენ დამოუკიდებლად სხვადასხვა წიგნს ვკითხულობთ, მაგალითად, ერთმანეთს მონაცვლეობით ვუკითხავთ ჩარლზ დიკენსის „ოლივერ ტვისტს“, წაკითხვის შემდეგ კი დღის ჩანაწერს ვწერთ. დაკვირვებული ვარ, როცა რთული დღე მაქვს, გაბრიელი მოდის და მეკითხება, გინდა, „ოლივერ ტვისტი“ წავიკითხოთო. გავა დრო და ზუსტად ვიცი, როგორი ძვირფასი და დაუვიწყარი იქნება დრო, როდესაც მე და ჩემი 12 წლის ბიჭი  „ოლივერ ტვისტს“ ერთმანეთისთვის ვკითხულობდით.

ამბის თხრობა

ხალხური ზღაპრებისა და საბავშვო წიგნების კითხვის პარალელურად  6 წლის ლილე ხშირად მთხოვს ბავშვობის ამბების მოყოლას და ყოველ ჯერზე სულგანაბული მისმენს. ამბის თხრობა კითხვისადმი ინტერესს აღძრავს და ბავშვებს უბიძგებს, დამოუკიდებლად დაიწყონ კითხვა.

პირადი მაგალითი

პირადი მაგალითი კითხვის შეყვარების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ბავშვი ხედავს, რომ მშობელი, უფროსი და-ძმა, მასწავლებელი, მეგობარი ან მისთვის საყვარელი ადამიანი კითხულობს, მასაც კითხვის სურვილი უჩნდება, თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ ხდება. მკითხველად ჩამოყალიბების სირთულე სწორედ ის არის, რომ კითხვის შესაყვარებლად მხოლოდ წიგნით ხელში მშობლის დანახვა საკმარისი არ არის. ჩემი დაკვირვებით, თანამონაწილეობის განცდის გაღვივებაა გადამწყვეტი. მთავარია, გარკვეული ძალისხმევის გაღება ჩვენგან, უფროსის გულისხმიერი სურვილი, რომ კითხვის პროცესში ბავშვიც აიყოლიოს.

კეთებით სწავლება

და მაინც, როგორ ავიყოლიოთ ბავშვი? თუკი გვსურს, ბავშვს კითხვა შეუყვარდეს, დავივიწყოთ თანატოლთან შედარება, საყვედური, დამუნათება, მუქარა, რადგან ამგვარად საპირისპირო შედეგს მივიღებთ.

ძალიან დიდი სიფრთხილით, ნდობის გამჟღავნებითა და ზრუნვით მოვიფიქროთ სახალისო აქტივობები, მაგალითად, ერთად დავხატოთ საყვარელი ეპიზოდი, პერსონაჟი, გავმართოთ ჩრდილების თეატრი, მინისპექტაკლი, მკითხველის თეატრი, დავამზადოთ დიორამა, გამოვძერწოთ წიგნში აღწერილი ნივთები… — მთავარია, ვცადოთ. რჩევა ვკითხოთ ბავშვს. როგორც წესი, მათ უფრო საინტერესო იდეები აქვთ ხოლმე.

ბავშვის ასაკს მორგებული საკითხავი ლიტერატურა

მას ავარჩევინოთ. ასევე შეგვიძლია ხელნაკეთი წიგნების დამზადებაც, მაგალითად, 6 წლის გოგოს ამ ბოლო დროს ვუყვები ჩემს მოგონილ ზღაპარს ორი მეგობრის შესახებ. ლილეს მოაფიქრდა, ხელნაკეთ წიგნს დაგიმზადებ თაბახის ფურცლებისგან და რასაც მიყვები, დაწერეო.

საგულდაგულოდ შერჩეული შრიფტი, ილუსტრაციები, ლექსიკა, წინადადებები, თემატიკა მკითხველად ჩამოყალიბების პროცესის თანმდევი ნაწილია და კითხვის სწავლების პირველ საფეხურზე ეხმარება ბავშვს სიხარულით ისწავლოს კითხვა. ეს დეტალები კარგადაა გათვალისწინებული „სულაკაურის გამომცემლობის“ ახალ სერიაში „უკვე ჩემით ვკითხულობ“, რომელიც 6-8 წლის ბავშვებს კითხვის დამოუკიდებლად სწავლაში დაეხმარება.

ამ სერიას თან ახლავს აუდიოვერსიებიც, რაც კიდევ უფრო გაუმარტივებს დამწყებ მკითხველს ტექსტთან ურთიერთობას და დაეხმარება ემიგრანტ მშობლებსაც, რომ დამოუკიდებლად შეძლონ ბავშვისთვის ქართული ენისა და წერა-კითხვის სწავლება.

დამოუკიდებელი არჩევანი

ზემოთ აღწერილი ეტაპების შემდეგ საკითხავი წიგნის დამოუკიდებლად შერჩევის დრო დგება. თანდათან მივაჩვიოთ ბავშვი, დამოუკიდებლად შეარჩიოს საკითხავი წიგნი. ნდობის გამოცხადებით მას თავდაჯერებულობა ემატება. წაკითხული წიგნები ქმნის ჩვენს იდენტობას, ინახავს ჩვენი ცხოვრების გარკვეულ პერიოდს და ამ პროცესის წარმმართველი თანდათან ბავშვი უნდა გახდეს.

წერითი აქტივობები

კითხვის პარალელურად წერითი დავალებების ინსტრუქციების შეთავაზება აცოცხლებს კითხვის რუტინას. დღის ჩანაწერი ჩემი საყვარელი წერილობითი აქტივობაა, მაგალითად, ვწერ, სად ვარ, რას ვხედავ, რას ვგრძნობ, რა მესმის, შემდეგ კი წიგნის შესახებ გამოვხატავ შთაბეჭდილებებს. პირად მაგალითს უდიდესი ძალა აქვს. სწორედ ამიტომ ჯერ მე ვწერ, შემდეგ ვუკითხავ ბავშვებს და ვთხოვ, მათაც დაწერონ, ბოლოს კი ისინი მიკითხავენ და მე ვუსმენ.

შევეცადე, მკითხველისთვის მომეყოლა, როგორ ვისწავლე ჩემს შვილებთან ერთად საბავშვო ლექსები, როგორ დავუბრუნდი საბავშვო ლიტერატურის კითხვას, რადგან კითხვის შეყვარების ზუსტი ფორმულა არ არსებობს. მთავარია, გვჯეროდეს, რომ ეს არის ძალიან ლამაზი თავგადასავალი, რომელიც ყველა მშობელმა უნდა გამოსცადოს; გვახსოვდეს, რომ მშობელიც ბევრს სწავლობს ბავშვისგან და დროის სვლასთან ერთად ხშირად როლებიც იცვლება. მუდმივი ძალისხმევითა და გულისხმიერი ჩართულობით ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ ცხოვრების იმ ეტაპამდე, როდესაც ჩვენი შვილები გაგვიღვივებენ წიგნის წაკითხვის სურვილს.

სიახლეები თბილისის წიგნის ბაზრობაზე
ქეშბექ აქცია
მიხეილ ციხელაშვილი - ბლოგი
On.ge
მარიამო ჯანელიძე
ანდრო ყირიმელი
ლანა ღოღობერიძე
ლევან ცაგარელი
დათია ბადალაშვილი
შოთა იათაშვილი