თანამგრძნობი

„თანამგრძნობი“ ვიეტნამელ-ამერიკელი პროფესორისა და მწერლის, ვიეტ თჰან ნგუიენის სადებიუტო რომანია, რომელიც 2016 წელს პულიცერის პრემიისა და სხვა არაერთი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელი გახდა. ავტორი 4 წლის იყო, როცა 1975 წელს თავის ოჯახთან ერთად ვიეტნამისა და მშობლიური ქალაქის, ბონ-მე-თხუოტის დატოვება მოუწია და ამერიკაში, ლტოლვილთა ბანაკში აღმოჩნდა.

წიგნის პირველ გვერდებზე აღწერილი ამბებიც 1975 წელს იწყება. ჩრდილოეთ ვიეტნამის არმიამ სამხრეთ ვიეტნამის დედაქალაქი საიგონი აიღო. ქალაქი ქაოსმა, შიშმა და სასო­წარკვეთამ მოიცვა. მცხოვრებლები აშშ-ს საელჩოს შენობას თავშესაფრის მიღების იმედით მიაწყდნენ. მთხრობელი პირველ პირში, დაუფარავად, ყოველგვარი შესავლის გარეშე გვეპატიჟება თავის წინააღმდეგობებით აღსავსე შინაგან სამყაროში: როგორია, იყო ჯაშუში, ჩანერგილი პასიური აგენტი, ორსახოვანი კაცი, ორი გონების პატრონი; როგორია, მუდმივად იხლიჩებოდე პოლიტიკურ შეხედულებებსა და პირად გრძნობებს შორის.

ნგუიენის სამწერლო ენა ჩანერგილი ჯაშუშის ცხოვრებასავით მძაფრია, უწყვეტად მიედინება; გაიძულებს, არ მოდუნდე, ფხიზლად გეჭიროს თვალი, შეინარჩუნო კრიტიკული აზროვნების უნარი, მაგრამ, ამავდროულად, არ დაკარგო უმთავრესი – თანაგრძნობის განცდა, რადგან მთხრობელის წინააღმდეგობრივი ცხოვრება ანარეკლია მისივე ორ ნაწილად გაყოფილი და ერთმანეთთან დაპირისპირებული სამშობლოსი და ხალხისა, რომელიც, თავის მხრივ, გარესამყაროს მიერ თავსმოხვეული პოლარიზაციის მსხვერპლია.

მარაგშია

  • 2025
  • 625
  • 13.00 X 19.50
  • 9789941376993
  • რბილი