მოგონებების „საფიქრელა“ – როგორ გამოვეცით „ჰარი პოტერი“

31 July, 2025
mogonebebis-saphiqrala-rogor-gamovetsith-hari-poteris-tsigni.

კომენტარები ეკუთვნის თინა მამულაშვილს, „სულაკაურის გამომცემლობის“ დირექტორს.

ერთ საღამოს ბუმ წერილი მოიტანა: „ჰარი პოტერი უნდა გამოვცეთ“. 2002 წელი იყო. უშუქობით დასევდიანებულ საქართველოში აქა-იქ ბჟუტავდა მკრთალი სინათლე – ჯერ კიდევ კანტიკუნტად ითარგმნებოდა ახალი ლიტერატურა და გამომცემლობები ნელ-ნელა ვიკრებდით ძალებს.

ჰარი პოტერის“ გამოცემა პირველი ნაწილის მთარგმნელმა, მანანა ანთაძემ შემომთავაზა და მანვე გამომიგზავნა ინგლისურენოვანი წიგნი. ზაფხული იყო და ჩემს პატარა შვილთან ერთად ზღვაზე ვისვენებდი. ის პირველად ხედავდა ზღვას. მე „ჰარი პოტერს“ ვკითხულობდი და თან შინაარსს ვუყვებოდი. როგორც აღმოჩნდა, ზღვის პირველად ნახვის შთაბეჭდილება პოტერის ამბებმა გადაფარა და თბილისში დაბრუნებული ბავშვი მხოლოდ ჯადოქრებსა და მფრინავ ცოცხებზე ჰყვებოდა. მაშინ დავრწმუნდი, რომ ეს წიგნი ქართველ ბავშვებს ქართულად აუცილებლად უნდა წაეკითხათ.“

ბევრი მცდელობის შემდეგ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე „ჰარი პოტერის“ სააგენტოს შესახებ შევიტყვეთ და რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ, წინასწარი შეთანხმების გარეშე, აგენტთან შევაღწიეთ. ლოდინი ღირდა. შეთანხმება შედგა და თარგმანზე მუშაობა დავიწყეთ.

მაგრამ როგორ გინდა, თარგმნო ეს მაგიური სამყარო ისე, რომ ქართველი მკითხველისთვის ახლო და გასაგები იყოს?! თან მნიშვნელობაც არ დაიკარგოს და ის მთავარი განწყობაც შეინარჩუნოს, რაც უმნიშვნელოვანესია ამ წიგნში – ჯადოსნურობა. ბევრი ცდისა და ფიქრის შედეგად ჩვენმა მთარგმნელებმა და რედაქტორებმა არაჩვეულებრივი სიტყვები გვაჩუქეს. ასე გაჩნდა „დილის მისანი“, „მრუდე და მრუმე ქუჩები“, „ბურბურახი“, „მტარვალი ტირიფი“, „ღრიალა“, „დროის მდევარი“ და კიდევ არაერთი სხვა.

პირველი ტირაჟი

თავდაპირველად ყველაფერი დაუჯერებლად გვეჩვენებოდა, სანამ პირველი ტირაჟი არ ჩამოვიდა და არაჩვეულებრივი შრიფტით გაფორმებული ჯადოსნურყდიანი წიგნი გამომცემლობაში არ გაჩნდა. მაგრამ როგორ გვეთქვა ბავშვებისთვის ამის შესახებ? როგორ აგვეხსნა და გვეჩვენებინა, რა ელოდათ წინ? – მეგობრების დახმარებით პატარა სარეკლამო რგოლი გადავიღეთ და ტელევიზიაში გავგზავნეთ.

ვიდეოში წიგნი იშლებოდა და  ვარსკვლავები ცვიოდა. ეს ერთადერთი იყო, რაც მაშინ შევძელით. ჩვენმა პატარა, მაგრამ იმ დროისათვის მომხიბლავმა ვიდეომ აშკარად მიიპყრო მკითხველის ყურადღება. თან ახალი წელი ახლოვდებოდა, ხალხი რაღაც ახალს და ჯადოსნურს ელოდა“.

„ჰარი პოტერის“ პირველმა წიგნმა 2003 წლის ახალ წელს მართლა გააჩინა მკრთალი სინათლე. პირველი ტირაჟი ერთ კვირაში გაიყიდა. ეს ცოტა გვიკვირდა, რადგან ფილმის გამოსვლამდე „ჰარი პოტერი“ მსოფლიოში არც ისე პოპულარული იყო.

ჩვენ რომ პირველი წიგნი გამოვეცით, ბრიტანეთში ჯერ მხოლოდ სამი წიგნი იყო გამოსული, ხოლო მეორე ნაწილის ქართულად თარგმნა ფილმის გამოსვლას დაემთხვა. ახლა უკვე შეგვეძლო ისეთი პრეზენტაცია ჩაგვეტარებინა, როგორიც პოტერს შეეფერებოდა და წიგნის წარდგენა კინოთეატრ „ამირანში“ დავგეგმეთ. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, მკითხველის რამხელა არმია ჰყავდა ამ წიგნს. ეს პრეზენტაციაზე დავინახეთ, როცა უამრავი ბავშვი ჩვენ მიერ მოწყობილ ვიქტორინას თამაშობდა. კითხვები წინასწარ გვქონდა გამზადებული, თუმცა პასუხები ჩქარ-ჩქარა ისმოდა. შეკითხვები გვეწურებოდა და იძულებული ვიყავით, გზადაგზა მოგვეფიქრებინა.

„ახლაც მახსოვს ვიქტორინის ფინალური შეკითხვა – „რომელ წელს დაამარცხა ალბუს დამბლდორმა გრინდელვალდი?“ – რა თქმა უნდა, ბავშვებმა ამის პასუხიც არ დააყოვნეს, რადგან მთელი წიგნი თითქმის ზეპირად იცოდნენ.“

ამის შემდეგ სულ ვცდილობდით, ყოველი პრეზენტაცია განსაკუთრებული ყოფილიყო. ხან ბურბურახს ვხარშავდით, ხანაც ბავშვებს ჩვენ მიერ გაკეთებულ გალეონებს ვურიგებდით. ერთხელ ჰარი პოტერის ღამეც კი მოვაწყვეთ, თუმცა ეს მას მერე, რაც ჰარის მკრთალი სინათლე გაკაშკაშდა და ძლიერ „პატრონუსად“ იქცა. მანამდე კი არაერთი დაბრკოლების გადალახვა მოგვიხდა…

წინააღმდეგობები ჯადოსნურ გზაზე

არავინ ელოდა, რომ ერთ დღეს „დილის მისანში“ პოტერზე ასეთი სტატია დაიბეჭდებოდა – „ჰარი პოტერი – ჰოპლა ჯოჯოხეთში“.

ცხადია, ეს „დილის მისანი“ კი არა, რიგითი ქართული გაზეთი იყო, რომელიც სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე კეთილ წიგნს ბავშვების მტრად აცხადებდა.

„ამბობდნენ, როგორ შეიძლება ბავშვი „ჰარი პოტერს“ კითხულობდეს და არა „ხუთკუნჭულასო“. ორივე წაეკითხა, რატომაც არა?!“

ზოგ მშობელს შეეშინდა და შვილს წიგნის ყიდვაზე უარი განუცხადა, თუმცა აკრძალვის მიუხედავად, ბავშვები მაინც აგრძელებდნენ კითხვას – ზოგი საბნის ქვეშ, ზოგი კი თამამად, დღის სინათლეზე. ამ გამოწვევის გადალახვამ ისინი ნამდვილ „პოტერჰედებად“ აქცია.

„ჰარი პოტერის“ გარშემო მითქმა-მოთქმა ჩვენთვისაც დიდი განსაცდელი იყო, თუმცა გვჯეროდა ამ წიგნის და გვეამაყება, რომ მაშინ უკან დახევა არც გვიფიქრია. წლების შემდეგ პოტერის ირგვლივ ნისლი გაიფანტა და დღეს ის ყველა თაობის საყვარელ წიგნად ითვლება.

და მაინც, რატომ უყვართ დიდებსა და პატარებს ჰარი პოტერი?

„პასუხი მარტივია, ეს ხომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საბავშვო წიგნია“.

 „ჰარი პოტერმა“ ბავშვებისთვის ზღაპრული კარი გახსნა და საბავშვო ლიტერატურაში ახალი ენა და ხასიათი შემოიტანა. დიახ, სიტყვების ეს ჯადოსნური სამყარო ბევრმა სწორედ მაშინ აღმოაჩინა. ბავშვებმა კითხვა დაიწყეს. ვინც ისედაც კითხულობდა, კიდევ უფრო დააფასა ლიტერატურა და დროთა განმავლობაში ისინი გამოცდილ და გემოვნებიან მკითხველებად იქცნენ.

როულინგის ზღაპრული წიგნები ბევრისთვის იმედი და ნუგეშიც იყო, რომ ერთ დღესაც ცხოვრება დაუვიწყარ თავგადასავლად იქცეოდა. ამავე დროს, წიგნი გვაფრთხილებდა კიდეც, ოცნებებში არ უნდა გადასახლდე და ცხოვრება არ უნდა დაივიწყოო. თუმცა რთულია, იკითხო „ჰარი პოტერი“ და არ იოცნებო, იყო ჰარივით მამაცი, რონივით ერთგული, ჰერმიონივით ჭკვიანი, სნეიპივით მტკიცე, დამბლდორივით გამჭრიახი და ლილის მსგავსად თავგანწირული.

ამ წიგნმა თითოეულ ჩვენგანში სხვადასხვა უნარი გააძლიერა და შეგვახსენა – როგორი დიდი და დაუმარცხებელიც უნდა ჩანდეს დაბრკოლება, მას აუცილებლად გადავლახავთ, თუ ერთმანეთის მხარდამხარ ვიდგებით.

ასეთი იყო ჩვენი მოგონებები! მადლობა, მკითხველო, რომ გაბედე და ამ „საფიქრელაში“ თავი შემოყავი. ჰარი პოტერმა ჩვენ, ყველანი, ერთი მარტივი შელოცვით მოგვაჯადოვა. ამ შელოცვას მეგობრობა, სიკეთე და უანგარო სიყვარული ჰქვია.