როგორია # მადლობამასწავლებელო, ახლა უკვე სტუმრის თვალით
ხომ გვაქვს ყველას ერთი ან რამდენიმე გამორჩეული დღე სამსახურში, როცა ჩვენი შრომის შედეგს აშკარად ვხედავთ.
„ეს არაა არც პრემიის, და არც კორპორატიულ წვეულებაზე „საუკეთესო თანამშრომლად“ დასახელების დღე. ამ მნიშვნელოვან დღეს უბრალოდ აცნობიერებ, რომ ის, რაც ჩაიფიქრე, შედგა.“
„ეს არაა არც პრემიის, და არც კორპორატიულ წვეულებაზე „საუკეთესო თანამშრომლად“ დასახელების დღე. ამ მნიშვნელოვან დღეს უბრალოდ აცნობიერებ, რომ ის, რაც ჩაიფიქრე, შედგა.“
ბოლო 4 წლის განმავლობაში, როცა „სულაკაურის გამომცემლობაში“ ვმუშაობდი, ჩემთვის ასეთი დღე კამპანია „მადლობა მასწავლებელოს“ დასკვნითი ღონისძიება – რჩეული მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონია იყო. ემოციურად, ფიზიკურად, ყველანაირად ძალიან დამღლელი და სტრესული და მაინც ძალიან ბედნიერი დღე.
წელს პირველად ამ ცერემონიას სტუმრის სტატუსით დავესწარი. ღონისძიებაზე მისვლამდე ნამდვილად არ მიღელვია, მაგრამ მასწავლებლებით სავსე დარბაზში რომ შევედი, ვიგრძენი, რომ მშვიდად ვეღარ ვიყავი. მიზეზსაც მალე მივხვდი – წარმოვიდგინე, ასეთი, ძალიან მასშტაბური შეხვედრა უხარვეზოდ და ყველასთვის საკადრისად რომ ჩატარებულიყო, რა დიდი ღელვა და შრომა უძღოდა წინ.
განათლების ფორუმი 2025

საქმე ისაა, რომ დაჯილდოებამდე გაიმართა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება – განათლების ფორუმი დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის. ასეთ შეხვედრებზე ყველაზე მეტს ვიგებდით ხოლმე გამომცემლობა და მასწავლებლები ერთმანეთზე – ერთმანეთის საჭიროებებზე, პრობლემებზე, გეგმებზე, ინიციატივებზე, წარმატებებზე, ურთიერთთანამშრომლობასა თუ, უბრალოდ, ერთმანეთის მხარდაჭერაზე მუდმივად უამრავი გამოწვევით სავსე სასკოლო ცხოვრებაში.
ფორუმმა მართლაც არაჩვეულებრივად ჩაიარა. დაწყებითი კლასების მასწავლებლებლებმა სპიკერებისგან, მათ შორის „სულაკაურის გამომცემლობის“ სახელმძღვანელოების ავტორებისგან, გაიზიარეს გამოცდილებები სწავლების მეთოლოგიასა და გამოყენებულ პრაქტიკაზე.
- ნინო გორდელაძე – მშობლიური ენის სწავლების თავისებურებანი
- მარიამ ტატიშვილი – სადაც რიცხვები ამბებს ჰყვებიან
- დიმიტრი პოპოვი – ტექნოლოგიური სწავლების ინოვაციური მიდგომები და პრაქტიკული გამოყენება
- მაია ბლიაძე – პროექტული სწავლების მნიშვნელობა ბუნებისმცოდნეობაში
- ნანა იოსელიანი, სოფიო ქებურია – ხელოვნების სწავლება დაწყებით საფეხურზე



ფორუმის ერთ-ერთმა მომხსენებელმა პავლე თვალიაშვილმა კი ისაუბრა საგანმანათლებლო სფეროში, და ზოგადად, ალბათ საზოგადოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევაზე – XXl საუკუნეში პასუხისმგებლიანი ადამიანის აღზრდაზე.
ფორუმზე მასწავლებლები გაეცნენ „სულაკაურის გამოცმელობის“ ახალ სასწავლო რესურსებს და ულამაზესი, ფერადი კატალოგების სახით მიიღეს ინფორმაცია დაგეგმილი გამოცემების შესახებაც. ალბათ, მასწავლებლები დამეთანხმებიან, რომ ძალიან მნიშნელოვანია, როცა პედაგოგმა იცის, რომელ სასწავლო გამოცემებს ელოდეს მომავალში. ასეთ დროს ისინი უფრო ადვილად და თავდაჯერებულად ადგენენ თანმიმდევრულ სასწავლო გეგმას თითოეული კლასისთვის, სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვისა და ნებისმიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვილი სკოლისთვის. ამისთვის „სულაკაურის გამომცემლობას“ და ავტორებს ბევრჯერ მიუღიათ მასწავლებლების გულწრფელი მადლობა.
ბოლოს კი დადგა „მადლობა მასწავლებელოს“ დაჯილდოების ცერემონიის დრო. წელსაც გამომცემლობამ ათი რჩეული მასწავლებელი გამოავლინა, თუმცა განსხვავებული, საკონკურსო წესით. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა მასწავლებლებმა წინასწარ შეავსეს განაცხადი. განსაკუთრებით სასიხარულო იყო იმის გაგება, რომ გამომცემლობის რჩეულობის სურვილი 150-მა მასწავლებელმა გამოთქვა. პედაგოგების მხრიდან ნდობისა და თანამოაზრეობის ასეთი გამოვლინება ყოველთვის პრიორიტეტული იყო გამომცემლობისთვის. ამის გარეშე ძალიან ძნელია ნებისმიერი ინოვაციური პროდუქტის შეთავაზება საგანმანათლებლო და, განსაკუთრებით, სასკოლო საზოგადოებისთვის, რომელიც დიდი სიფრთხილით, ეჭვითა და კრიტიკით იღებს ყველაფერს, რადგან საქმე ბავშვებს ეხებათ. საამაყოა, რომ ყოველ წელს ეს ნდობა უფრო და უფრო ღრმავდება და თანამშროლობის საინტერესო მაგალითებითაც მდიდრდება: ღია გაკვეთილები „სულაკაურის წიგნის მაღაზიებში“, მასწავლებლების რჩეული საბავშვო წიგნების პოსტები, მასწავლებლები ხდებიან ავტორები და ა.შ.
„მადლობა მასწავლებელოს” ჟიური
წელს დაჯილდოების კიდევ ერთი სიახლე ჟიურიც იყო, რომელსაც უნდა შეეფასებინა განაცხადები. ჟიურის წევრებს მხოლოდ დავასახელებ და ამით ყველაფერი ცხადი გახდება, რადგან მათი სახელები თავისთავად ამბობს ყველაფერს: ნატო ინგოროყვა, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, თეონა ბექიშვილი, დავით წამალაშვილი (გამომცემლობის ერთ-ერთი რჩეული, რაც განსაკუთრებით მეამაყება), ზაქარია ქიტიაშვილი.
სასიხარულოა, რომ დაჯილდოებას, უკვე ერთგულ სპონსორებთან ერთად, ახალი მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ: „ისი პარის“ და „საქართველოს ბანკს“ „საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია“ და ექსპერიმენტორიუმიც შეუერთდნენ და მასწავლებლებს დაუვიწყარ მოგონებასთან ერთად ნამდვილად დაუვიწყარი საჩუქრები გადასცეს.
და რაც მთავარია: რჩეული მასწავლებლები. ჩემთვის კარგად ნაცნობი, ძვირფასი და საამაყო მასწავლებლები და ახალი სახელები, რომელთა აღმოჩენა ყოველთვის უდიდეს ბედნიერებას მანიჭებდა. არ ვლაპარაკობ, როგორც „სულაკაურის გამოცემლობის“ ყოფილი წევრი. თითოეული გამორჩეული მასწავლებლის გაცნობა არის ჩემი, როგორც მოქალაქისა თუ მშობლის, დიდი იმედი, რომ ჩვენი ბავშვები სანდო და ღირსეული ადამიანების გარემოცვაში გაიზრდებიან.
„სულაკაურის გამომცემლობის“ 2025 წლის რჩეული მასწავლებლები:

1. ლელა კოტორაშვილი – ქართული ენა და ლიტერატურა, თბილისის N59 საჯარო სკოლა
2. ნუგზარ სადიკოვი – სამოქალაქო განათლება, თბილისის N55 საჯარო სკოლა
3. მიხეილ ლაბარტყავა – ქიმია, საერო გიმნაზია „შავნაბადა“
4. ელისო აბრამიშვილი – ქიმია, საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის N2 საჯარო სკოლა
5. ნათია ნარსავიძე – ინგლისური ენა, დმანისის N3 საჯარო სკოლა
6. დიმიტრი პოპოვი – კომპიუტერული ტექნოლოგიები, სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლა
7. თამარ ცანავა – ინგლისური ენა, თბილისის N178 საჯარო სკოლა
8. თინათინ გიორგაძე – ქართული ენა და ლიტერატურა, ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის სკოლა
9. ნესტან კუბლაშვილი – ქართული ენა და ლიტერატურა, თბილისის N172 საჯარო სკოლა
10. რუსუდან ლომთაძე – ინგლისური ენა, ქალაქ ქუთაისის აფხაზეთის N5 საჯარო სკოლა
ვულოცავ თითოეულს და კიდევ ერთხელ და ათასგზის ვუხდი მადლობას!
#მადლობამასწავლებელო
მარიამ ჩუბინიძე